რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ამ ეტაპზე საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესების წინააღმდეგია. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაანახვა ხელისუფლებას, როგორი სახიფათოა რუსეთზე დამოკიდებულება. აგრარულ საკითხთა კომიტეტში ფიქრობენ, რომ მნიშვნელობა არა აქვს დააწესებს თუ არა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკურ სანციებს, რადგან ხელისუფლებამ ყველა შემთხვევაში მაინც უნდა იზრუნოს ბაზრის დივერსიფიცირებაზე. ოთარ დანელიას თქმით, მართალია რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სწრაფად ვერ მოხდება, მაგრამ, მზარდია ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარები, სადაც შესაძლებელია დამატებითი ხელშეწყობითი ღინისძიებების გატარება ქართული პროდუქტების მეტად პოპულარიზაციისთვის. ცნობისთვის, 2019 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში 26 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, საიდანაც ყველაზე მეტი, 16 მილიონ 850 ათას 331 ბოთლი რუსეთში გავიდა. რაც შეხება მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტს, პირველ ადგილს კვლავ რუსეთი იკავებს, კერძოდ, 2018 წლის 3 თვეში აღნიშნულ ქვეყანაში 17 მილიონ 123 ათას 200 ლიტრი წყალი გავიდა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 17 მილიონ 034 ათას 800 ლიტრი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას დაუჭირა მხარი. საუბარია რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებაზე.