ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროს მესვეურებმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრეს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სწორად დაგეგმისთვის, სამედიცინო დაწესებულებებში გაგზავნილია მოთხოვნა, რომ თანამშრომლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ. მისი თქმით, ქვეყანაში არ შემოვა ისეთი ვაქცინა, რომელსაც მაღალი ნდობის სტატუსი არ ექნება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით კი, ადამიანების რაოდენობა, რომელიც COVID ვაქცინის გასაკეთებლად მზადაა, 50%-დან 60%-მდე მერყეობს.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით ვაქცინის მიმართ პოზიტიური განწყობის მაჩვენებელი შემცირებულია და ამის ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობაში სწორი ინფორმაციის ნაკლებობაა.