ბუტა რობაქიძის საქმეზე, ბრალდების მხარემ მტკიცებულების სახით საქმეში არსებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა წარადგინა, რომელიც შემთხვევის ღამეს ადგილიდან ამოიღეს. პროკურორებმა იარაღის სერიული ნომრები გააცნეს ბრალდებულებს და მოსამართლეს, ასევე წარადგინეს იარაღების მჭიდები და ვაზნები.მტკიცებულებები ბრალდების მხარემ სასამართლოზე დალუქული სახით წარადგინა და ლუქების მოხსნა მოსამართლის თანდასწრებით მოხდა.
ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს. რობაქიძე იმ ავტომანქანაში იმყოფებოდა, რომელიც საპატრულო პოლიციამ წერეთლის გამზირზე გააჩერა. პროკურატურის ინფორმაციით, ავტომანქანაში სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღები ვერ აღმოჩინეს, რის შემდეგაც იმჟამინდელი მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებით, შემთხვევის ადგილი გაყალბდა. სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, ახალგაზრდებს, რომლებიც 2004 წლის 24 ნოემბერს დააკავეს, იარაღები ჩაუდეს.