"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტის, გიორგი ანთაძის განმარტებით, 20-21 ივნისს აქციის დაშლისას დაზარალებულ პირებს სახელმწიფოსგან კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლიათ. როგორც ანთაძემ პალიტრანიუსთან საუბრისას განმარტა, ჯანმრთელობის ზიანის მიყენებისას შესაძლებელია როგორც მკურნალობის ხარჯების, ასევე, სამსახურში განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა. ამასთან, იურისტის განცხადებით, შესაძლებელია მორალური ზიანის ანაზღაურებაც.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს მოქალაქეებმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს, რა დროსაც სამართალდამცველებსა და მათ შორის რამდენჯერმა ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა მოქალაქეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ოფიციალური ინფორმაციით, აქციის დაშლისას სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 სამართალდამცველი და 33 ჟურნალისტი.