ყარაჯალაში 22 აგვისტოს მომხდარი ჯგუფური წამებისა და ცემის ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატის, დარეჯან ბუცხრიკიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაკავებული ოთხი ეჭვმიტანილიდან, სამისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე დღეს უნდა იმსჯელოს. სასამართლო სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოშია ჩანიშნული.
22 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალის მკვიდრი 42 წლის მამაკაცი 15-მდე თანასოფლელმა სოფლის მიმდებარედ, ე.წ. ველის ტერიტორიაზე სასტიკად სცემა, შემდეგ კი მასზე სექსუალური ძალადობა განახორციელა. თვითმხილველების ინფორმაციით, ფაქტს 200-მდე ადამიანი ადევნებდა თვალყურს, რომლებიც მობილური ტელეფონებით ფოტოებს და ვიდეოს იღებდნენ. ამ ეტაპზე დანაშაულში ეჭვმიტანილი 4 პირია დაკავებული, დანარჩენი პირები კი იდენტიფიცირებული არიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.