კბილების კრაჭუნი - ბრუქსიზმი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც უპირატესად ღამით ვლინდება, დღისით კი ადამიანის კონტროლს ექვემდებარება. ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. ბრუქსიზმი უხშირესად ბავშვებში გვხვდება და 7-8 წლის ასაკში თავისთავად გაივლის ხოლმე, თუმცა შედარებით იშვიათად, მაგრამ მაინც აღინიშნება უფროსებშიც.თანამედროვე მონაცემებით ბრუქსიზმის გამომწვევ ძირითად მიზეზად სახელდება თანკბილვის დარღვევა და ნევროლოგიური პათოლოგიები. თანკბილვის დარღვევის შემთხვევაში საჭიროა სტომატოლოგის კონსულტაცია, ხოლო ნევროლოგიური პრობლემების გადასაჭრელად ნევროლოგს უნდა მიმართოთ.მეცნიერები თანხმდებიან, რომ ბრუქსიზმი ყველაზე ხშირად ახასიათებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არიან სტრესის ქვეშ, განიცდიან შინაგან დაძაბულობას და შფოთვას, ნერვულ აღგზნებას ძილის წინ. თუ დააკვირდებით, ბრუქსიზმის ინტენსივობა მატულობს სტრესულ სიტუაციაში, ამიტომ უნდა ეცადოთ, ერიდოთ ასეთ სიტუაციებს. ეს თანაბრად ეხება როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებს. თუმცა ხანმოკლე ბრუქსიზმის ეპიზოდები ძილის დროს გვხვდება ჯანმრთელ ადამიანებშიც.ბრუქსიზმით დაავადებულებს სპეციალისტები ურჩევენ "დაღალონ" ძილის წინ საღეჭი კუნთები, მიირთვან მაგალითად, ვაშლი, სტაფილო. ასეთი მეთოდით დატვირთული კუნთები ძილისას ნაკლებადაა მიდრეკილი თვითნებური შეკუმშვისკენ. კუნთების დაძაბულობას კარგად ხსნის თბილი კომპრესი, რომელიც საღეჭ კუნთებზე თავსდება ძილის წინ.იმის გათვალისწინებით, რომ ბრუქსიზმის ძირითადი მიზეზი ხშირად სტრესია, ეფექტურია ზოგადი ანტისტრესული მეთოდები: რაციონალური და რეგულარული კვება ნახშირწყლებისა და კოფეინის შეზღუდვით, სუფთა ჰაერზე სეირნობა და თბილი აბაზანა ძილის წინ, სწორი სამუშაო გრაფიკი.