მსოფლიო საავტომობილო ინდუსტრიას ახალი ლიდერი ჰყავს. მსუბუქი ავტომობილების გაყიდვებში, "ფოლკსვაგენის" ჯგუფს ლიდერობა "რენო-ნისან-მიცუბიშის" ჯგუფმა ჩამოართვა. თუმცა, სატვირთო ავტომობილების დამატებით, გერმანული კონგლომერატი პირველობას კვლავაც ინარჩუნებს.
"როიტერსის" გათვლებით, „რენომ“, „ნისანმა“ და „მიცუბიშიმ“ 2018 წელს ჯამში 10 მილიონ 760 ათასი ავტომობილი გაყიდეს. მათ გაყიდვებში არ შედის მძიმე სატვირთო ავტომობილები. გაყიდვები 0.9 პროცენტით გაზარდა „ფოლკსვაგენის“ ჯგუფმა, რომელში შემავალმა კომპანიებმაც ჯამში 10 მილიონ 830 ათასი ავტომობილის რეალიზება შეძლეს. მაგრამ, „მან-ის“ და „სკანიას“ მიერ გაყიდული სატვირთო ავტომობილების გამოკლებით, „ფოლკსვაგენის“ შედეგი 10 მილიონ 600 ათასია ანუ „რენო-ნისან-მიცუბიშის“ მონაცემზე ნაკლები.
მესამე პოზიციას კი „ტოიოტა“ ინარჩუნებს, რომელსაც თავის პრემიუმ ბრენდ „ლექსუსთან“ ერთად, 10 მილიონ 590 ათასი ავტომობილი აქვს გაყიდული. ამ მონაცემებში იაპონური კომპანიის ჯგუფში შემავალი, მინი ავომობილების მწარმოებელი „დაიჰაცუს“ და სატვირთოების მწარმოებელი „ჰინოს“ გაყიდვებიც არის შესული. ამ უკანასკნელის გამოკლებით კი, „ტოიოტას“ 10 მილიონ 390 ათასი ავტომობილი აქვს გაყიდული.