რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რა დროსაც პრეზიდენტებმა მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთის მხარემ ღრმა შეშფოთება გამოხატა საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებასთან, ასევე ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული ტერორისტების სულ უფრო მასშტაბურ ჩართულობასთან დაკავშირებით,“- აღნიშნულია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლებებთან კონტაქტების, ასევე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და კრიზისის დეესკალაციის სწრაფად მიღწევის მიზნით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
კრემლის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სატელეფონო საუბარი თურქული მხარის ინიციატივით გაიმართა.