აია-სოფია მორწმუნეებისთვის 24 ივლისს გაიხსნება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, აია-სოფიას კარი ღია იქნება თურქებისთვის, უცხოელებისთვის, მუსულიმებისა და არამუსლიმებისთვის. ერდოღანმა ყველას მოუწოდა, პატივი სცენ თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას აია-სოფიას სტატუსთან დაკავშირებით. „ყველას ვურჩევ, პატივი სცეს ჩემი ქვეყნის სასამართლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აია სოფიასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, თურქეთი მიესალმება აია სოფიას ახალ სტატუსთან დაკავშირებით გამოთქმულ ყველა მოსაზრებას, გარდა ისეთი დამოკიდებულებისა, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს. შეგახსენებთ, თურქეთის სასამართლომ გუშინ აია სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა, რის შემდეგაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.