პარლამენტი ვალდებულია დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დაუყოვნებლივ განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს. აღნიშნულ ნორმას პარლამენტის რეგლამენტი ადგენს, სადაც ასევე წერია, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია.
საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის გათვალისწინებით კი, დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტი დადგენილებით წყვეტს. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც შესაბამის დასკვნას ამზადებს და პარლამენტის ბიუროს წარუდგენს. ბიუროს კი საკითხი განსახილველად უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მე-10 მოწვევის პარლამენტში არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი არ უყაროს. როგორც კობახიძე აცხადებს, „პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა პარლამენტის წევრს პარლამენტს“. მისივე მტკიცებით, „პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს პარლამენტიდან მათ გასვლას“.