რეფორმების ახალი ტალღა ენერგეტიკაში - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მომსახურების ხარისხის მონიტორინგის ინოვაციური პროექტი წარადგინა. "ელექტრონული ჟურნალი", რომელიც უნიკალური პროგრამაა და ანალოგი არ გააჩნია, სემეკის თანამშრომლების მიერ შეიქმნა. პროგრამის საშუალებით, რეალური დროის რეჟიმში, სემეკი მონიტორინგს უწევს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი გამანაწილებელი და წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიების მიერ მომსახურების კომერციული ხარისხის სტანდარტების შესრულების პროცესს. სექტორში არსებული მომსახურების კომერციული ხარისხის სტანდარტები მოიცავს გეგმიურ და არაგეგმიურ წყვეტებს. კერძოდ: ქოლ-ცენტრის მომსახურებას, ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთებას, აბონენტად რეგისტრაციას, დავალიანების გადაუხდელობის გამო გამორთული მომხმარებლისთვის მომარაგების აღდგენას. ასევე მომხმარებლსი წერილობით მოთხოვნაზე კომპანიის მიერ რეაგირებას. ასევე აღრიცხვის ხელსაწყოსა და მომარაგების ტექნიკური ხარისხის შემოწმებას."ელექტრონული ჟურნალის" საშუალებით, 2017 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 31 მაისის პერიოდში, სტანდარტების დარღვევისთვის, გამანაწილებელი კომპანიების მიერ აბონენტებზე გაცემული კომპენსაციების ოდენობამ ჯამში 2 164 520 ლარი შეადგინა. როგორც მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, სემეკის ამოცანაა, რომ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ მაქსიმალურად გაუმჯობესდეს მომსახურების ხარისხი. ამ მიზნით, უახლოეს მომავალში "ელექტრონულ ჟურნალს" ასევე დაემატება მიწოდების საიმედოობის მინიტორინგის ფუნქცია სამივე რეგულირებად სექტორში.