17:33
8 დეკემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
რატომ ვითარდება ორსულთა დიაბეტი - გაქვთ თუ არა განგაშის მიზეზი ფეხმძიმობისას და არის თუ არა მისი განვითარების რისკი მშობიარობის შემდეგაც?
08-01-2019

გესტაციური დიაბეტი არის დაავადება, რომლის დროსაც ქალს, რომელსაც მანამდე არ ჰქონია დიაბეტი, ორსულობის დროს უვითარდება შაქრის დონის მომატება სისხლში. შაქრიანი დიაბეტის სხვა ტიპების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც დაავადება არღვევს ორგანიზმის უჯრედების მიერ გლუკოზას ათვისება/მოხმარების მექანიზმებს. გესტაციური დიაბეტის მიერ გამოწვეული ჰიპერგლიკემია უარყოფითად მოქმედებს დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე.

ნებისმიერი გართულება ორსულობის დროს საფრთხილოა, მაგრამ შედარებით სიმარტივე ამ შემთხვევაში ისაა, რომ დაავადების გაკონტროლება ადვილად ხდება კვების რეჟიმის შეცვლის, ფიზიკური აქტივობის გაუმჯობესების ან საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტების გამოყენების საფუძველზე.

შაქრის დონე სისხლში მალევე უბრუნდება ნორმას მშობიარობის შემდეგ. თუმცა ანამნეზში გესტაციური დიაბეტის მქონე ქალებში მაღალია მომავალში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკი, ამიტომ აუცილებელია შენარჩუნდეს გლიკემიის მუდმივი მონიტორინგის რეჟიმი.

უმეტეს შემთხვევაში გესტაციურ დიაბეტს არ ახლავს გამოხატული ნიშნები და სიმპტომები. კვების დროს მიღებული ნახშირწყლები გარდაიქმნება გლუკოზად და შეწოვის შემდეგ გადადის სისხლში, საიდანაც ინსულინის დახმარებით ხვდება სხვადასხვა უჯრედებში და მათ მიერ გამოიყენება ენერგიის წყაროდ. ინსულინის ნაკლებობის ან მოქმედების მექანიზმის სხვადასხვა დარღვევების დროს აუთვისებელი გლუკოზა ჭარბად გროვდება სისხლში და ვითარდება ჰიპერგლიკემია.

ორსულობის დროს პლაცენტა გამოყოფს დიდი რაოდენობით სხვადასხვა ჰორმონს, რომელთაგან უმრავლესობა იწვევს ინსულინის მოქმედების დარღვევას. თუ პანკრეასი ჯანმრთელია და მწყობრშია ის ადვილად უმკლავდება ამ შემაფერხებელ მოქმედებას ინსულინის გამოყოფის გაძლიერებით. პლაცენტის გაზრდასთან ერთად იზრდება მის მიერ გამოყოფილი ინსულინის საწინააღმდეგო მოქმედების მქონე ჰორმონების გამოყოფის ინტენსივობაც, ამიტომ გესტაციური დიაბეტი, როგორც წესი, ყალიბდება ორსულობის მეორე ნახევრიდან, უმეტესად მესამე ტრიმესტრში.

სასურველია ჯერ კიდევ ორსულობის დაგეგმვის პროცესში მოხდეს გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკების შეფასება ენდოკრინოლოგის მიერ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები