საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის ახალი დირექტორის რეგისტრაციაში გატარების პროცესი შეაჩერა. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი წარდგენილი დოკუმენტაციის კანონთან შეუსაბამობა გახდა. როგორც საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, დეკანოზ მიქაელ ფოფხაძის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ რეგისტრაციის პირობებს და დაინტერესებულ პირს 30-დღიანი ვადა ეძლევა, რათა დოკუმენტაცია კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს. თავის მხრივ, როგორც საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არავითარ ხარვეზს არ შეიცავს და რეესტრმა მხოლოდ, ტელევიზიის დირექტორის შეცვლასთან დაკავშირებული ნოტარიულად დამოწმებული გადაწყვეტილება მოითხოვა.
წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ტელევიზიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს. დეკანოზმა მიქაელ ფოფხაძემ ”ერთსულოვნების” თანამშრომლებთან გაცნობითი შეხვედრა გუშინ გამართა.