ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბაზრიდან 15 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გავიდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, თუ 2017 წლის აპრილში ბაზარზე 88 მიკროსაფინანსო ოპერირებდა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში მათი რაოდენობა 73 გახდა. შემცირდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგებაც. საბანკო სფეროს ექსპერტი აღნიშნულის მიზეზად დაანონსებულ საწესდებო კაპიტალის ზრდასა და უკვე ამოქმედებულ რეგულაციებს ასახელებს. დავით კიკვიძის პროგნოზით ბაზრიდან კიდევ ათეულობით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გავა. "არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის" ხელმძღვანელის განცხადებით, არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციებისთვის საქართველოს ბაზარი ხელსაყრელი აღარ არის. ირაკლი ბერძენაძის განმარტებით, სექტორი რეგულაციებმა მნიშვნელოვნად დააზარალა. მიკროსაფინანსო და სხვა არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტებისთვის დღეს მინიმალური კაპიტალის მოთხოვნის ზღვარი 250 ათასი ლარია. მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან საწესდებო კაპიტალის ნახევარ მილიონამდე, ხოლო 2019 წლის იანვარში 1 მილიონამდე გაზდა იგეგმება.