2019 წელს ადგილობრივ თამბაქოზე გაცემული აქციზის რაოდენობა 25-ჯერ შემცირდა. მათ შორის, 25-ჯერ შემცირდა უფილტრო სიგარეტზე გაცემული აქციზი, ფილტრიანზე კი - 27-ჯერ.შემოსავლების სამსახურის მიერ "ბიზნესპრესნიუსისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს, ადგილობრივ ფილტრიან და უფილტრო თამბაქოზე ჯამში 108.971 მლნ აქციზი გაიცა. 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა და 4.282 მლნ აქციზი შეადგინა. 2018 წელს იმპორტირებულ ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე ჯამში 275, 173 მლნ აქციზი გაიცა, ხოლო 2019 წელს იმპორტირებულ თამბაქოზე 211, 808 მლნ აქციზია გაცემული. შესაბამისად, შემცირდა ბიუჯეტში ადგილობრივი წარმოების სიგარეტის აქციზიდან მიღებული შემოსავალიც. კერძოდ, თუ 2018 წელს სიგარეტის აქციზიდან ბიუჯეტში 55 მლნ ლარი შევიდა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 35 მლნ-მდე შემცირდა. სამაგიეროდ, გაიზარდა იმპორტირებული სიგარეტის აქციზიდან შესული თანხის მოცულობა, კერძოდ, 2018 წელს იმპორტიორებმა აქციზის გადასახადის სახით ბიუჯეტში 514,3 მლნ ლარი გადაიხადეს, 2019 წელს კი 689,3 მლნ ლარი. მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტი რამდენჯერმე გაძვირდა, ფილტრიანის გაყიდვები არ შემცირებულა, თუმცა უფილტროზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. შეგახსენებთ, რომ ახალი რეგულაციის თანახმად, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე აქციზის განაკვეთი გაათანაბრდა. "ბრითიშ ამერიქან თობაქოს" წარმომადგენლების თქმით, ახალმა რეგულაციამ ნეგატიური ეფექტები გამოიწვია ქართული ბიზნესისთვის, იმდენად, რამდენადაც უფილტრო სიგარეტის 90%-ზე მეტი სწორედ ადგილობრივი წარმოების იყო, ამასთან ქვეყანაში მნიშვნელოვნად იმატა არადეკლარირებული თამბაქოს შემოტანის ფაქტებმა.