საერთაშორისო ბაზრებზე ხორბალი იაფდება, საქართველოში კი ფასი მატულობს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ რუსულ ხორბალს, ქართული ბაზრის 99% უჭირავს და ნავთობის შემდეგ მეორე უმსხვილესი პროდუქტია, რასაც საქართველო რუსეთიდან ყიდულობს. არადა, ალტერნატიულ ბაზრებზე ხორბლის ღირებულებამ, ჯერ კიდევ ზაფხულიდან მოყოლებული 20%-ით იკლო. ქართველი მომხმარებელი კი ამ შეღავათით ვერ სარგებლობს.
აღსანიშნავია, რომ ჩიკაგოს ბირჟაზე აგვისტოს შუა რიცხვებში 1 ბუშელი ხორბალი 6,15 დოლარი ღირდა, ახლა კი მისი ფასი 5,14 დოლარია. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსული ხორბლის ჩანაცვლების ყველაზე სასურველი გზა ადგილობრივი წარმოების განვითარებაა, რადგან სხვა ქვეყნებიდან ხორბლის შემოტანა ტრანსპორტირების ხარჯს გაზრდის და პროდუქტს კიდევ მეტად გააძვირებს. რუსული ხორბლის ალტერნატივას ნაკლებად ხედავს ბიზნესიც. ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ფიქრობს, რომ რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე საქართველომ უარი არ უნდა თქვას. მისივე თქმით, ქვეყნისთვის მისაღები ის ბაზარი უნდა იყოს, საიდანაც უფრო ნაკლები ჯდება იმპორტი და გეორგრაფიულად ხელსაყრელია.