მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სალომბარდე სესხების მოცულობა 29,2%-ით გაიზარდა და ბოლო წლების რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
ამ ფაქტს მისო-ების ასოციაციის თავმჯდომარე ფიზიკური პირებისთვის სესხების შემოსავლების გარეშე გაცემის რეგულაციას უკავშირებს.
2020 წლის პირველ კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ 459 მილიონ 140 ათასი ლარის სალომბარდე სესხი გაიცა, რაც დაახლოებით 29,2%-ით ანუ 103 მილიონ 870 ათასი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე სალომბარდე სესხების ზრდის მიზეზად, ეროვნული ბანკის რეგულაციებს ასახელებს. როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სავარუდოდ, იმის გამო, რომ ფიზიკურ პირებს შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხზე წვდომა შეეზღუდათ, მათი მხრიდან ქონების დალომბარდების შემთხვევები გაიზარდა.
ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მუშაობაზე გავლენა ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა იქონია, რომელიც 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. განსაკუთრებით კი ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებამ, რომლის მიხედვითაც, შემოსავლის დადასტურების გარეშე, სესხის გაცემა აიკრძალა.