ბანანის ფასი, გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც East fruit წერს, ამის მიზეზად ექსპერტები, ზოგიერთ მწარმოებელ ქვეყანაში არსებულ კლიმატურ პირობებსა და შედარებით იაფი ხილის სეზონის დაგვიანებას ასახელებენ, რამაც ბანანზე მოთხოვნა გაზარდა.
FreshPlaza-ს ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში, ბანანის ბაზარზე არსებული ვითარება საკმაოდ ხელსაყრელი აღმოჩნდა მწარმოებლებისთვის, რომლებმაც მოთხოვნის შესაბამისად, პროდუქტი მნიშვნელოვნად გააძვირეს. გერმანული კომპანია banafood-ის წარმომადგენელი კი აღნიშნავს, რომ ევროპაში ჯერ ისევ ცივა, ამიტომ ბაზარზე შედარებით იაფი ხილის სეზონი არ დაწყებულა, რამაც ბანანზე მოთხოვნა გაზარდა.
ფასის მატებაზე საუბრობენ ბანანის ქართველი იმპორტიორებიც. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიაში „პატარა მზე“ განუცხადეს, გასულ წელთან შედარებით, პროდუქტის ფასმა 15-20%-ით მოიმატა და 1 ყუთის ღირებულებამ 10 დოლარი შეადგინა.