იმის დასადგენად თუ რაში სჭირდებათ ზებრებს ზოლები, ბრიტანელმა მეცნიერებმა ზოლიანი ნაჭრები ცხენებს მოაცვეს. როგორც ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გაარკვიეს, მსგავს შეფერილობას ბუზების დეზორიენტირება შეუძლიათ. ბუზებს, რომლებიც ცხოველთა სამყაროში, ძუძუმწოვართა მთავარ პრობლემას წარმოადგენენ, ზებრის ზოლიანი სხეული აბნევს და ორიენტირებაში ხელს უშლის. შედეგად მწერების 25% ზებრის სხეულზე ვეღარ ჯდება. მეცნიერები კვლევის ფარგლებში ცხრა ცხენსა და სამ ზებრას 16 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ და აღწერდნენ, თუ როგორ იქცეოდნენ ბუზები ცხოველების გარშემო. ბუზები ზებრებისა და ცხენების გარშემო თანაბარი რაოდენობით დაფრინავდნენ, თუმცა ისინი ცხენებზე ბევრად უფრო ხშირად სხდებოდნენ.
იმის გასარკვევად, ეს ეფექტი ცხენებისა და ზებრების განსხვავებული სუნის ბრალი ხომ არ იყო, მეცნიერებმა ცხენებს ტანზე თეთრი, შავი და ზოლებიანი ნაჭრები ჩააცვეს. ცხენების თავებზე, რომლებსაც ნაჭერი არ ფარავდა, ბუზების დაფრენის სიხშირე ჩაცმის შემდეგ, ბუნებრივია, არ შეცვლილა, თუმცა იმ ცხენებზე, რომლებსაც ზოლებიანი ნაჭრები ეცვათ, ბუზები ახლა ბევრად უფრო იშვიათად სხდებოდნენ.
დამატებით, მეცნიერებმა ზებრებისა და ცხენების სპეციალური ვიდეოჩანაწერებიც გამოიყენეს და აღმოაჩინეს, რომ ბუზები ზებრებთან მიახლოებისას გაჩერებას ვეღარ ახერხებდნენ და მათ ეჯახებოდნენ, ცხენებზე კი ისინი წყნარად და მშვიდად სხდებოდნენ.კვლევით ირკვევა, რომ ზოლები შორიდან მწერების არიდებას ვერ ახერხებს, თუმცა ბუზები, რომლებსაც დაბალი გარჩევადობის მხედველობა აქვთ, ზოლებთან მიახლოებისას იბნევიან და ორიენტაციის უნარს კარგავენ.ამ დრომდე არსებობდა ვარაუდები, რომ ზოლები შესაძლოა მონაწილეობას თერმორეგულიაციაში, ან სოციალურ ქცევაში იღებდეს. ავტორები ასევე აცხადებენ, რომ კვლევა არა აფრიკაში, არამედ ინგლისში ჩატარდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცხენებისა და ზებრებისათვის გადაღებულ ვიდეოებში მათ ბუზების ფრენის მარშრუტის დანახვა მხოლოდ ორგანზომილებიან ფორმატში შეეძლოთ, ხოლო ის ნაჭრები, რომლებსაც ისინი ცხენებს აცმევდნენ, სხვადასხვა მასალისგან იყო დამზადებული.