არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს საექსპორტო ბაზრების ათეულშია. „საქსტატის“ ცნობით, აღნიშულ ქვეყანაში წლის პირველ 5 თვეში 40 მილიონ 145 ათასი დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 166.6%-ით არის გაზრდილი.
2019 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი მსუბუქი ავტომობილები იყო, რომლის ექსპორტმაც 30 მილიონ 300 ათასი დოლარი შეადგინა. მას მოსდევს ოქრო დაუმუშავებელი, ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 3 მილიონ 800 ათასი დოლარით, მე-3 ადგილზე კი ელექტრონული ინტეგრალური სქემები და მიკროანაწყობებია, რომლის ექსპორტიც მილიონ 300 ათასი დოლარი იყო. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ცხვრის ან თხის, ახალი, გაცივებული ან გაყინული ხორცი და ძვირფასი ლითონებისგან ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონებისგან დამზადებული საათები იკავებენ, შესაბამისად, 605 ათას 500 და 471 ათას 700 დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, 2019 წლის იანვარ-მაისში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი იყო სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით, რომლის იმპორტმაც 28 მილიონ 300 ათასი დოლარი შეადგინა. მას მოსდევს 2 მილიონ 600 ათასი დოლარით მსუბუქი ავტომობილები, მე-3 ადგილზე კი ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობებია, რომლის იმპორტმაც მილიონ 500 ათასი დოლარი შეადგინა. ჩამონათვალში მე-4 და მე-5 პოზიციებს ექსპლუატაციაში ნამყოფი ავტომანქანების ნაწილები და სიგარები, სიგარილები და სიგარეტები ინაწილებენ, შესაბამისად, მილიონ 300 ათასი და მილიონი დოლარით.