2019 წლის იანვარ-სექტემბერში ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში ბოლო პოზიციაზეა. კერძოდ, სავაჭრო ბრუნვამ საქართველო-ჩინეთს შორის 772 მილიონ 378 ათას 400 დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ჩინეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლე ჯგუფი სპილენძის მადნები იყო, რომლის ექსპორტიც 91 მილიონ 99 ათას 400 დოლარი იყო. მას მოსდევს ყურძნის ნატურალური ღვინოები - 13 მილიონ 599 ათასი დოლარით; ხოლო მე-3 ადგილზე მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობებია, რომელთა ექსპორტმაც - 9 მილიონ 878 ათას 800 დოლარი შეადგინა.
ექსპორტირებული პროდუქტების ხუთეულში მე-4 და მე-5 პოზიციებს კი დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული რეაგენტები და კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები ინაწილებენ, რომელთა ექსპორტიც იანვარ-სექტემბერში, შესაბამისად, მილიონ 980 ათას 200 და მილიონ 751 ათას 200 დოლარი იყო.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 მილიარდ 193 მილიონ 700 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2 მილიარდ 719 მილიონ 200 ათას დოლარს, ხოლო იმპორტი 6 მილიარდ 474 მილიონ 500 ათას დოლარს შეადგენს.