2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 მილიარდ 959 მილიონ 400 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 1.1 პროცენტით აღემატება. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ექსპორტი მილიარდ 466 მილიონ 700 ათასი დოლარი, ხოლო იმპორტი 3 მილიარდ 492 მილიონ 800 ათასი დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით, სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს ყიდის, რომლის ექსპორტმაც იანვარ-მაისში 261 მილიონ 129 ათას 300 დოლარი შეადგინა; მას მოსდევს მსუბუქი ავტომობილები - 207 მილიონ 780 ათას 900 დოლარით; მე-3 ადგილზე კი ფეროშენადნობებია - 136 მილიონ 715 ათასი დოლარით; ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს დაფასოებული მედიკამენტები და ყურძნის ნატურალური ღვინოები ინაწილებენ.
რაც შეეხება, ტოპ-5 საიმპორტო პროდუქტს, ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდულობთ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, რომლის იმპორტმაც მიმდინარე წლის იანვარ-მაისში - 277 მილიონ 894 ათას 400 დოლარი შეადგინა; მე-2 ადგილზეა - მსუბუქი ავტომობილები - 248 მილიონ 378 ათას 400 დოლარით; ხოლო მესამე ადგილს - 236 მილიონ 34 ათას 100 დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ნავთობის აირები/აირისებრი ნახშირწყალბადები და დაფასოებული მედიკამენტები ინაწილებენ.