ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საქართველოს ხელისუფლებისგან, თამაბქოს ე.წ. ახალი პროდუქტებისა და ელექტრონული სიგარეტის მიმართ რეგულაციების შენარჩუნებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ნიკოტინის მიწოდების ელექტრონული სისტემები და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები, თამბაქოს ყველა სხვა ნაწარმის მსგავსად რეგულირდება. კერძოდ კი, აკრძალულია მისი მოხმარება დახურულ საზოგადოებრივ სივრცეში, რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა, მათ შორის, დახლებზე გამოფენა. თუმცა, 5 თვის წინ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ პარლამენტს ახალი კანონპროექტი წარუდგინა. ამ კანონპროექტით, ასოციაციის წევრ კომპანია "ფილიპ მორისს" სურდა, რომ ე.წ. ახალი თამბაქოს ნაწარმის მიმართ, მოქმედი რეგულაციით გათვალისწინებული აკრძალვები შესუსტებულიყო. კერძოდ კი, ნებადართული იყოს მისი პოპულარიზიაცია; არ იქნას დატანილი პიქტოგრამა, ამასთან, მისი რეალიზაცია სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზეც გახდეს შესაძლებელი.
რეგულაციების შესაძლო შესუსტების საფრთხეს ხედავს "თამბაქოს კონტროლის ალიანსიც". გიორგი ბახტურიძის თქმით, მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები, გარიგებაში არიან ხელუსუფალთა გარკვეულ ნაწილთან. ბახტურიძე იმასაც ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ახალი კანონპროექტის ინიცირებას მოახდენს, ალიანსი, პროტესტის ყველაზე მკაცრ ზომებს მიმართავს.
დღეისთვის მსოფლიოში 1.1 მილიარდი მწეველია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მინაცემებით, თამბაქოს მოხმარების შედეგად ყოველწლიურად, მსოფლიოში, 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება.