პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება, ჯამში, ერთ მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს აეკრძალება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ონლაინ სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა.
კერძოდ, ცვლილების შედეგად, ჯამურად სექტორის გადასახადებით დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით. დაწესდება ასაკობრივი ზღვარი და 25 წლამდე მოქალაქეებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ. ასევე, აღნიშნული შეზღუდვა შეეხება სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან; საჯარო მოხელეებს; პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე, პირებს, რომლებიც ოჯახის წევრების მოთხოვნით და სასამართლო გადაწყვეტილებით ე.წ. შავ სიაში მოხვდებიან.
კიდევ ერთი საკითხი რომელსაც ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილება გულისხმობს რეკლამის შეზღუდვაა. უფრო კონკრეტულად აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის დასაშვები მხოლოდ სპონსორების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება იქნება, ძირითადად შეიძლება აღნიშნული დაშვება სპორტს შეეხოს.