სემეკის ორგანიზებით საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე სემეკის წარმომადგენლებმა მონაწილეებს წარუდგინეს საბითუმო და საცალო ბაზრის წესები, ასევე ახალი ენერგეტიკული ბაზრის პირობებში კომპანიების საქმიანობების განცალკევების წესები. სემეკის მიერ შემუშავებული წესების მიზანია ხელი შეეწყოს როგორც ბაზრების მონაწილეების საქმიანობას, ასევე მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებელთა უფლებები. ამასთან, საბითუმო ბაზრის წესებით უზრუნველყოფილი იქნება ელექტროენერგეტიკული ბაზრის უსაფრთხო და საიმედო ოპერირება, ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის პირობების რეგულირება. წესები გულისხმობს ელექტროენერგიით საათობრივი ვაჭრობის დანერგვას, რომელიც მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას ელექტროენერგია საათობრივი ფასის მიხედვით შეისყიდოს. საცალო ბაზრის წესები დაარეგულირებს ურთიერთობებს საყოფაცხოვრებო, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებსა და ელექტროენერგიის მიმწოდებლებს შორის.