2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისისათვის სწავლა 11 512-მა მოსწავლემ მიატოვა, რაც გასული წლის იმავე მონაცემზე 929-ით ნაკლებია. საქსტატის მონაცემებით, ბიჭების რაოდენობა , რომლებმაც მიმდინარე წელს სწავლა მიატოვეს, გოგონების რიცხვს 1 842-ით აღემატება. ყველაზე მეტმა, 3 657 მოსწავლემ სწავლა მე-10 კლასიდან მიატოვა, ყველაზე ნაკლებმა, 291-მა მოსწავლემ კი სკოლაში სწავლას თავი პირველივე კლასიდან დაანება.
საერთო ჯამში, საქართველოში საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, 2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისის მონაცემებით, 564 729 მოსწავლე სწავლობს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 10 815 მოსწავლით მეტია. მიმდინარე სასწავლო წელს საქართველოში ყველაზე მეტი, 187 661 მოსწავლე თბილისში, ყველაზე ცოტა, 518 კი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სწავლობს.