მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში თბილისში დაფიქსირებული ვიდეოჯარიმებიდან 44.7%-ის შემთხვევაში მძღოლებმა ფასდაკლებით ისარგებლეს. საუბარია 20%-იან ფასდაკლებაზე, რომლითაც მოქალაქე იმ შემთხვევაში ისარგებლებს, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის ჯარიმას.
რაც შეეხება 1-ლი კვარტლის სტატისტიკას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში დედაქალაქში ჯამში, 280 ათას 475 ვიდეოჯარიმა დაიფიქსირდა. აქედან, 125 ათას 395 შემთხვევაში მოქალაქეებმა 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლეს.
შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი 2018 წლის 1-ლი ნოემბრიდან შევიდა ძალაში. „ჭკვიანი კამერები“ დამრღვევ მძღოლებს აჯარიმებენ მათ შორის: შუქნიშნის წითელ ფერზე გავლის, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთის, სიჩქარის გადაჭარბებისა და სხვა მიზეზების გამო.