შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.
პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით, მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.
თუმცა, უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ რამდენიმე მოქალაქესთან შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. კერძოდ, საუბარია, იური ნებიერიძის, მაგული, მალხაზ და ნათია ნებიერიძის თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 ათას 256 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე. შესაბამისად, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას ანუ სახელმწიფოს მიერ საკუთრების ანაზღაურებით, ძალადობრივ ჩამორთმევას დაექვემდებარება.