ქვესადგურის "ლაჯანური 500"-ის მშენებლობის გამო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ რამდენიმე მოქალაქის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) უფლება მიენიჭა.პროექტის ფარგლებში მოექცა ცაგერის რაიონის სოფელ ალპანაში მდებარე მინდია ფრუიძის, ლალი ირემაძის, მამუკა ფრუიძის, მირიან ფრუიძისა და ნინო ახალაძის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. საექსპროპრიაციო ფართი ჯამში, ათას 510 კვადრატულ მეტრსა და მასზე არსებულ ნარგავებს მოიცავს.როგორც ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული, დასახელებულ პირებს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ მიეცათ პროექტისთვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს. პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე კი სამინისტრომ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე სახელმწიფო ელექტროსისტემის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.