შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის გზის მშენებლობის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.
პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით, მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. თუმცა, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად რამდენიმე მოქალაქესთან, ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.
კერძოდ, საუბარია ზესტაფონის რაიონში, სოფელ ქვედა საქარაში მდებარე გიორგი ნებიერიძის, დავით, თამარ ნებიერიძეებისა და ნანა კვანტრიშვილის თანასაკუთრებაში არსებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 482 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას ანუ სახელმწიფოს მიერ საკუთრების ანაზღაურებით, ძალადობრივ ჩამორთმევას დაექვემდებარება.