ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის – სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.
პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით, მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.
თუმცა, უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ რამდენიმე მოქალაქესთან ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული. კერძოდ, საუბარია, სამტრედიის რაიონში, სოფელ იანეთში მდებარე ბარნაბა ჯვარშეიშვილის, გულნაზ და ნინო ჯვარშეიშვილების თანასაკუთრებაში არსებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ათას 369 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას ანუ სახელმწიფოს მიერ საკუთრების ანაზღაურებით, ძალადობრივ ჩამორთმევას დაექვემდებარება.