რამდენიმე დღის წინ ჩინეთ-ინდოეთის საზღვარზე მომხდარ დაპირისპირებაზე ჩინეთი პასუხისმგებლობას ინდოეთის მხარეს აკისრებს. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადების თანახმად, საზღვარზე ჩინეთისა და ინდოეთის წარმომადგენლებს შორის შეტაკება ინდოეთის მხარის მიერ იყო გამოწვეული.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს ინციდენტი მოხდა მთლიანად იმის გამო, რადგან ინდოეთის მხარემ დაარღვია შეთანხმება და გამოიწვია ცალმხრივი პროვოკაცია.
„15 ივნისის ღამეს ინდოელმა სამხედრო მოსამსახურეებმა საჯაროდ დაარღვიეს შეთანხმება, დაარღვიეს საკუთარი პირობა, გადმოკვეთეს არსებული სასაზღვრო ხაზი და პროვოკაცია მოუწყვეს ჩინურ მხარეს. ჩინური მხარე სახიფათო გარემოებების პირობებში ინდოეთისგან გახდა ძალადობრივი თავდასხმის ობიექტი“, - აცხადებენ ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში.
შეგახსენებთ, 15 ივნისს, ქაშმირის რეგიონში, ლადახშის პროვინციაში ჩინელ და ინდოელ ჯარიკაცებს შორის შეტაკების შედეგად 20 ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 ივნისს ჩინეთისა და ინდოეთის სასაზღვრო სამხედრო ძალებმა სარდლობის დონეზე შეხვედრა გამართეს, სადაც მხარეები სასაზღვრო საკითხთან დაკავშირებით დიალოგის გაგრძელებასა და დაძაბულობის შემცირებაზე შეთანხმდნენ.