საერთაშორისო მიგრანტებს მსოფლიო მოსახლეობის 3,6% ანუ 281 მილიონი ადამიანი შეადგენს. მათი უმრავლესობა 87 მილიონი და 86 მილიონი ადამიანი, შესაბამისად ევროპასა და აზიის ქვეყნებში ცხოვრობს. ამის შესახებ აღნიშნულია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Organization for Migration-IOM) ანგარიშში.
რაც შეეხება საქართველოს, ანგარიშის მიხედვით, ჩვენთან 79,4 ათასი საერთაშორისო მიგრანტია, რაც მოსახლეობის 2%-ს შეადგენს. ამასთან, აზერბაიჯანში საერთაშორისო მიგრანტების რაოდენობა 252 ათასი ადამიანია, სომხეთში - 190 ათასი, თურქეთში - 6,05 მილიონი ადამიანი, რუსეთში კი - 11,6 მილიონი პირი.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 1970 წლიდან 2020 წლამდე საერთაშორისო მიგრაციის მასშტაბები სამჯერ გაიზარდა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, შეერთებული შტატები და გერმანია მიგრანტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყნებია.
ცნობისთვის, ანგარიშში გამოყენებულია საერთაშორისო მიგრანტთა რაოდენობის ბოლო მონაცემები, რაც გაეროს ეკონომიკური და სოციალური დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წელს გამოქვეყნდა.