პარკირების საათობრივი საფასური შესაძლოა, 20 თეთრიდან დაიწყოს. აღსანიშნავია, რომ გადასახადი პირველ ეტაპზე თბილისის ორ რაიონში - ძველ თბილისსა და საბურთალოზე დაწესდება. კერძოდ, ძველ თბილისში საათობრივი პარკირება საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, მოიცავს ყველა ახლომდებარე ქუჩას ზაარბრიუკენის მოედნამდე და ამაღლების ქუჩამდე.
რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, საათობრივი პარკირება დაწესდება შარტავას, კოსტავას, პეკინის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩებზე. ამასთან, ძველ თბილისსა და ვაკე-საბურთალოს რაიონში პარკირების საფასური შესაძლოა განსხვავებული იყოს. რაც შეეხება გადახდის სისტემას, მძღოლები პარკირების საფასურს როგორც სპეციალური აპლიკაციით, ისე საბანკო ბარათით გადაიხდიან.