სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში 273 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა. მათივე ცნობით, 2021 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 471 მომხმარებელს. ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 2 166 კაცით განისაზღვრა.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 242.1 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების სახით მიღებულ შემოსავალს - 22.6 მლნ ლარი შეადგინა.
2021 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 373.1 მლნ ლარის ღირებულების (61.3 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (51.4 პროცენტი) იყო ადგილობრივი (შესყიდული) წარმოების.
ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან 4.3 პროცენტი უცხოურ ბაზარზე იქნა რეალიზებული, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს თევზეული, ხილი, ბოსტნეული და ქათმის ხორცი წარმოადგენდა.