„თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის, სპორტული ობიექტების და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის" პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“ ათასზე მეტი განაცხადი შევიდა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, სარესტორნო ინდუსტრიიდან მიმართვების მიღების მე-2 ეტაპზე სულ 803 განაცხადი შევიდა; სპორტული ობიექტების მიმართულებით - 117, ხოლო საბავშვო ბაღის მიმართულებით - 100 მიმართვა.
მათივე ცნობით, მიმართვებისა და შესაბამისი განაცხადების გადარჩევის/დამუშავება კიდევ მიმდინარეობს, რის შედეგადაც შესაძლოა, შეიცვალოს მიმართვების ზემოხსენებული რაოდენობები.
ცნობისათვის, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ „თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის, სპორტული ობიექტების და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის" პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება 8 თებერვლიდან დაიწყო და 5 მარტს დასრულდა. პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს - სესხის თანადაფინანსების კომპონენტი, სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების კომპონენტი და მიკრო სესხის თანადაფინანსების კომპონენტი.