ორ კილოგრამამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენის დაყრისთვის მოქალაქეები 80 ლარით დაჯარიმდებიან, ორ კილოგრამზე ზევით კი, ჯარიმა 150 ლარს შეადგენს, - ამის შესახებ "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველმა მოადგილე დავით დოლიძემ განაცხადა.
დღეიდან, დედაქალაქის ქუჩებში "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდებიან, რომლებიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმებენ. შინაური ცხოველის ფეკალიებით ქალაქის დაბინძურებისთვის პატრონი 50 ლარით დაჯარიმდება. ერთ კუბურ მეტრამდე სამშენებლო ნარჩენით დაბინძურების შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის 200 ლარიანი, იურიდიული პირისთვის კი, 500 ლარიანი ჯარიმა არის განსაზღვრული. ერთ კუბურ მეტრზე ზევით სამშენებლო ნარჩენით ქალაქის დაბინძურების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 500 ლარით, იურიდიული პირი კი, 1500 ლარით დაჯარიმდება. დარღვევის განმეორებისას ჯარიმები ორმაგდება.