აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციების წარმომადგენლებს მიწის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო. ოთარ დანელიას ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა იკრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებზე და მათ მიწა საკუთრებაში მხოლოდ მემკვიდრეობით შეიძლება მიიღონ. იურიდიული პირის შემთხვევაში კი სასოფლო სამეურნეო მიწის ფლობის უფლებას კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ წილის 50%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქის საკუთრებაშია. ამასთან, ოთარ დანელიას განცხადებით, საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაუმუშავებლობის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაჯარიმდებიან. სანქციამ კი შესაძლოა 20-30 ათასი ლარი შეადგენოს. კანონპროექტის თანახმად თუ საქართველოს მოქალაქე არ დაამუშავებს კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო მიწას, სახელმწიფო სუბსიდირებისა და თანადაფინანსების პროგრამაში ვერ ჩაერთვებაარასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი თეონა ზაქარაშვილი ამბობს, რომ ქართული მიწის უცხოელებზე გასხვისების დაგეგმილი შეზღუდვები, საფინანსო სექტორს მიწის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების შესაძლებლობას არ აძლევს.შეგახსენებთ, რომ უცხოელებზე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით მორატორიუმი 2017 წლის დეკემბერში გამოცხადდა. გასული წლის დეკემბრიდან კი ახალი კონსტიტუციით, უცხოელებზე მიწის გაყიდვა შეიზღუდა.აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების სარგებლობაში საერთო ჯამში 50 ათას ჰექტარაამდე მიწის ნაკვეთია. ეს მიწები უცხოელებზე ქვეყანაში მორატორიუმის გამოცხადებამდე გასხვისდა.