ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე მომხდარი ინციდენტის მონაწილეებს პოლიციაში კითხავენ. დიდუბის პოლიციის სამმართველოს შენობაში რამდენიმე პირი კვირასაც დაკითხეს. დღეს ინციდენტში მონაწილე ორივე მხარის წარმომადგენლები დაიკითხებიან. ბელიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები და უცხოელი სტუდენტები კონფლიქტის სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ.ბელიაშვილის ქუჩაზე, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.უცხოელი სტუდენტების ადვოკატი შოთა თუთბერიძე საქმის გადაკვალიფიცირებას რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით ითხოვს.სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირი უცხოეთის მოქალაქეებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა.