საწვავის ფასმა ბოლო წლების ანტირეკორდი დაამყარა. ოქტომბრის დასაწყისიდან დღემდე, ერთ თვეში საწვავი დაახლოებით 10-15 თეთრით გაძვირდა. ამჟამად ავტოგასამართ სადგურებზე ბოლო წლების მაქსიმალური ფასია დაფიქსირებული. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, პაატა ბაირახტარის თქმით, საქართველოში საწვავის გაძვირება ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ და მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებმა განაპირობა. თუმცა, ბაირახტარი იმასაც ამბობს, რომ სახელმწიფო "პრემიუმის" ტიპის ლიტრ ბენზინს 1,98 ლარად ყიდულობს, ხოლო მოსახლეობაზე ნავთობკომპანიები ბევრად უფრო ძვირად ყიდიან.
განსხვავებული მოსაზრება აქვთ იმპორტიორებს. მათი თქმით, ამ ეტაპზე ქართულ კომპანიებს სხვა არჩევანი არ ჰქონდათ. ასეთივე პოზიცია აქვს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარეს. ვანო მთვრალაშვილი საწვავის გაძვირების მიზეზად, ლარის გაუფასურებასთან ერთად, საგარეო ფაქტორებს ასახელებს. კერძოდ, მზა პროდუქტის გააძვირებას, მთვრალაშვილი, ნედლ ნავთობზე ფასის მატებას უკავშირებს.