საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის განცხადებით, მომლოცველები და ტურისტები უახლოეს დღეებში, დავით გარეჯში, ჩიჩხიტურზე, აღდგომის მონასტერსა და სხვა დანარჩენ ტერიტორიებზე გადაადგილებას შეძლებენ. თეიმურაზ კუპატაძემ დავით გარეჯში საქართველო-აზერბაიჯანის მხარეებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს შეხვედრის დეტალები გააცნო. მისი განმარტებით, იმისთვის, რომ არ განმეორდეს მსგავსი ფაქტები, როგორსაც 14 ივლისს ჰქონდა ადგილი და თავიდან იქნას აცილებული პროვოკაციები და დაძაბულობა, ორივე მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ "რამდენიმე დღე მოქალაქეები გარეჯის ზედა ტერიტორიაზე არ ავიდნენ". კუპატაძის თქმით, აზერბაიჯანული მხრისგანაც "არის მზაობა, რომ დაბრუნდეს ის რეჟიმი, რაც იყო წინა დღეებში".