სემეკმა წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის სექტორში მოქმედი რამდენიმე კომპანიისთვის 2018 წლის ტარიფების დასადგენად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. კერძო სექტორმა კომისიაში უკვე წარადგინა განაცხადები, რომლებშიც კომპანიების მხრიდან განხორციელებული ინვესტიციებია ასახული. მიუხედავად იმისა რომ ინვესტიციები ტარიფის გაანგარიშების მნიშვნელოვანი კომპონენტია, კერძო სექტორს ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებით წინასწარი პროგნოზების გაკეთება უჭირს. პროგნოზებს არც მარეგულირებელ კომისიაში აკეთებენ. სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, 2018 წელს დადგენილი ტარიფი სამი წლის ვადით განისაზღვრება და მისი გადახედვა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში მოხდება. აღნიშნულს ახალი მეთოდოლოგია ითვალისწინებს, რომელიც სემეკმა აგვისტოში დაამტკიცა. მარეგულირებელ კომისიას 150 დღე აქვს იმისთვის, რომ ტარიფები დაითვალოს. შესაბამისად გაიზრდება თუ არა წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადი მომხმარებლებისთვის, დეკემბრის ბოლომდე გახდება ცნობილი. ახალი ტარიფები კი პირველი იანვრიდან ამოქმედდება.