საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 60%-ზე მეტი რუსეთის ბაზარზე მოდის, ფულადი გზავნილების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 25-29%-ის ფარგლებშია. ასეთია ოფიციალური სტატისტიკა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო და ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
უფრო კონკრეტულად, 2019 წლის იანვარ-მაისში რუსეთიდან საქართველოში 163 მილიონ 700 ათასი დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების თითქმის 25%-ს შეადგენს. 2018 წლის განმავლობაში კი საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების სახით მილიარდ 576 მილიონი ამერიკული დოლარი შემოვიდა, სადაც რუსეთიდან გზავნილების წილმა დაახლოებით 29% ანუ 457 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ რუსეთი ფულადი გზავნილების მიხედვით უკვე წლებია პირველ ადგილზეა.
რაც შეეხება ღვინის ექსპორტს, 2019 წლის 1-ელ 6 თვეში საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე 25 მილიონ 582 ათას 447 ბოთლი ღვინო გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 60%-ზე მეტია. 2018 წელს კი, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86 მილიონ 200 ათასი ბოთლი ღვინო გავიდა ექსპორტზე, სადაც რუსეთის წილი დაახლოებით 62% ანუ 53 მილიონ 600 ათასი ბოთლი იყო.
ცნობისთვის, რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა. დოკუმენტი რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას, ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას ითვალისწინებს.