საქართველოში დეკლარირებული შემოსავალი მოსახლეობის 34.4%-ს, ხოლო დასაქმებული მოსახლეობიდან 75.6%-ს აქვს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსმა“ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა. კერძოდ, 2018 წლის მონაცემებით, გადამხდელთა რაოდენობა ქვეყანაში მილიონ 280 ათას 427 კაცს შეადგენს, მაშინ როცა 2019 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა - 3 მილიონ 723 ათას 500 ადამიანია. დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობა კი 2018 წლის მონაცემებით - მილიონ 694 ათას 200 იყო.
აღსანიშნავია, რომ იმ მოქალაქეთა 21.4%, რომელთაც დეკლარირებული შემოსავალი უფიქსირდებათ, ათას 200 ლარამდე შემოსავალს იღებს. ამასთან, 90 ათას ლარზე მეტი და 100 ათას ლარზე ნაკლები ან ტოლი შემოსავალი 2 ათას 433 ადამიანს, ხოლო 100 ათას ლარზე მეტი - 11 ათას 978 ადამიანს დაუფიქსირდა.