რაჭაში მეოთხე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ელექტრომომარაგება კიდევ ერთ სოფელს - უწერას აღუდგა. შესაბამისად, სტიქიის ზონაში ელექტროენერგია სტიქიით დაზარალებული 17 სოფლიდან უკვე 11-შია აღდგენილი. რაც შეეხება გზებს, ყველაზე რთული ნაწილი 127-ე კილომეტრი უკვე ათვისებულია, ამ მონაკვეთზე ხანგრძლივი სამუშაოების შედეგად გზის გაჭრა მოხერხდა. შესაბამისად ზემო რაჭის ხუთ სოფელში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება. მოძრაობა უკვე აღდგენილია სოფელ გომთან და ჯინჭვისთან. 4 დღის წინ რაჭაში ღვარცოფმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რეგიონს. სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა, დაზიანდა ცენტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთი. სტიქიის მიერ მიყენებული ზარალი დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს.