რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, რეგიონში მშვიდი ვითარებაა და მოქალაქეები სასაფლაოზე გასვლისგან მაქსიმალურად იკავებენ თავს.
როგორც გუბერნატორმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა, ხალხის სიმრავლე არ შეინიშნებოდა არც გუშინ ტაძრებში. მისივე თქმით, რეგიონში თავშეყრის ან სასაფლაოზე სუფრის გაშლის ფაქტიც ჯერ არ დაფიქსირებულა.
რაც შეეხება სურსათისა და მედიკამენტების მარაგს, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, რეგიონში არანაირი დეფიციტი არ არის, არც სურსათის და არც მედიკამენტების კუთხით და მომარაგება ჩვეულებრივ რეჟიმში ხდება.
სახელმწიფო რწმუნებულმა თვითიზოლაციაში მყოფ პირებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში კორონავირუსის სიმპტომები არავის გამოვლენია. მისივე თქმით, ცაგერში თვითიზოლაცია ყველა პირს უკვე მოეხსნა, რაც შეეხება ლენტეხს, თვითიზოლაციაში 41 პირი რჩება, რომელთა თვითიზოლაციის ვადა 23 აპრილს იწურება.