რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით ონის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულ სოფლებში მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება.
რაჭის მაღალი ძაბვის ქსელი სრულად აღდგენილია, რჩება მცირე ლოკალური დაზიანებები, რომელიც ხვალ შუადღემდე სრულიად აღმოიფხვრება. მათივე ინფორმაციით, სოფელ ლაგვანთასა და მაჟიეთში ადგილზეა მიტანილი ხიდის კონსტრუქციები, ხვალიდან ხიდის სექციების შედუღების სამუშაოები იწყება. ელექტროენერგია აღდგენილია 14დან 10 სოფელში. სტიქიის შედეგად საავტომობილო გზები 16 სოფელში იყო დაზიანებული.
დღეის მონაცემებით კი 11 სოფელში გზა რეაბილიტირებულია, 128-ე მაგისტრალზე, უწერა-გლოლის დამაკავშირებელ მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს,უგზოოდ რჩება 5 სოფელი.
უწყების ცნობით, საგანგებოდ შექმნილი სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი მუდმივ კონტაქტში იმყოფება დაზარალებულ მოსახლეობასთან, საჭიროებებს ეცნობა და შესაბამის დახმარებას ახორციელებს.