HBO მორიგი ეპიკური ფენტეზი სერიალის გამოშვებისთვის ემზადება. Game of Thrones-ის პრეისტორია, House of Dragons მიმდინარე წლის 21 აგვისტოს დაიწყება. წარმოგიდგენთ იმ მცირე ინფორმაციას, რომელიც მომავალი სერიალის შესახებ უკვე ცნობილია.
სერიალი ჯორჯ მარტინის რომანს, ცეცხლსა და სისხლს ეფუძნება. წიგნში მოქმედება სამეფო კარის თამაშების ამბებამდე 300 წლით ადრე ხდება. ამ ეპოქაში მოხდა შვიდი სამეფოს გაერთიანება, რკინის ტახტზე კი აეგონი ავიდა, ტარგარიენების სამეფო დინასტიის პირველი წარმომადგენელი. სერიალის სიუჟეტი ტარგარიენების მმართველობის რთულ პერიოდს აღწერს, რომელიც შვიდი სამეფოს ისტორიაში დრაკონების ცეკვის სახელით შევიდა. დრაკონების ცეკვა სამოქალაქო ომია, რომელიც ტახტის პრეტენდენტებს შორის დაიწყო. ამავე ეპოქაში გადაშენდნენ დრაკონებიც.
ვიზერის I ტარგარიენების სამეფო დინასტიის რიგით მეხუთე წარმომადგენელია, რომელიც რკინის ტახტზე ავიდა. ის ორჯერ იყო დაქორწინებული, პირველად ეიმა არენზე, რომელთანაც ქალიშვილი, რკინის ტახტის მემკვიდრე, რეინირა ჰყავს. მოგვიანებით მეფემ მეორედ იქორწინა, ალისენტა ჰაიტაუერზე, ქორწინებიდან ვიზერისს ორი ვაჟი ეიგონი და ეიმონდი ჰყავს. სერიალში ვიზერისის როლს პედი კონსიდაინი ასრულებს.