მთავრობის 1-ლი ოქტომბრის რეგლამენტში, რომელიც დღეიდან ამოქმედდა, გაწერილია ის მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებაც სამშენებლო პროდუქტების იმპორტიორებს მოუწევთ. „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ ერთ-ერთი მოთხოვნის თანახმად, იმპორტიორი ვალდებულია, ბაზარზე მხოლოდ ის სამშენებლო პროდუქტი განათავსოს, რომელსაც ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ერთვის. ამასთან, რეგლამენტი ავალდებულებს იმპორტიორს, რომ სამშენებლო პროდუქტზე საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია დაიტანოს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ სამშენებლო პროდუქტის სახეობის, ფორმის ან სხვა ფიზიკური მახასიათებლის გამო ეს შეუძლებელია, მითითებული ინფორმაცია პროდუქტის შეფუთვაზე ან თანდართულ დოკუმენტაციაზე უნდა იქნეს დატანილი.