ახალი წლის დღესასწაულები ჩვენში უხვ და ნოყიერ საკვებსა და სასმელთან ასოცირდება. შობა-ახალი წელი ის პერიოდია, როცა ყველაზე მოკრძალებული ადამიანიც კი თავს ცოტა ზედმეტად ჭამა-სმის უფლებას აძლევს. თუმცა ნაბახუსევზე ბევრი ნანობს საკუთარ თავშეუკავებლობას. ნაბახუსევს ახლავს თავის ტკივილი და გულისრევის შეგრძნება. ამ დროს გახშირებულია შარდვა. შესაბამისად, ორგანიზმი დიდი რაოდენობით ნატრიუმსა და კალიუმს კარგავს, რაც უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. ნაბახუსევი ძილის საშუალებას არ იძლევა. სისხლში ალკოჰოლის მაღალი შემცველობა ორგანიზმს აღაგზნებს. ამიტომ ძნელია ღრმად ჩაძინება, ზოგჯერ კი საერთოდ ძილი. ამ დროს ფერხდება გონების კონცენტრირებისა და მახსოვრობის პროცესი. ორგანიზმიდან ალკოჰოლის გამოდევნა იმუნური სისტემის ანთებით რეაქციას იწვევს.